საკოორდინაციო საბჭო

ქართული ენის ეროვნული კორპუსის საკოორდინაციო საბჭოს დაფუძნება


2011 წლის 19 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის, ინფორმაციის კვლევის ცენტრისა და ინოვაციური სისტემების ინსტიტუტის  ინიციატივით დაარსდა ქართული ენის ეროვნული კორპუსის საკოორდინაციო საბჭო


საბჭოს შექმნის საუნივერსიტეტო ინიციატივას შეუერთდა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ამ ინსტიტუტის დირექტორი, ცნობილი ქართველოლოგი, პროფესორი იოსტ გიპერტი. ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება ძველი ქართული ბეჭდური თუ ხელნაწერი მემკვიდრეობის დოკუმენტირება თანამედროვე საანოტაციო და საანალიზო ტექნოლოგიებით აღჭურვილ ტექსტური ბაზებში.

საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ დამფუძნებელთა ჯგუფმა აირჩია პროფესორი იოსტ გიპერტი.

დამფუძნებელ სხდომაზე მოწვეული იყო ის ინსტიტიუციები და კვლევითი ჯგუფები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ქართული ენის ტექსტური ბაზების, ლინგვისტური თუ ტექნოლოგიური რესურსების შექმნაზე. ისინი გაერთიანდნენ საკოორდინაციო საბჭოში.


საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ფუნქციები:
  1. ქართული ენის ეროვნული კორპუსის მეგაპროექტის განსახორციელებლად პრობლემების იდენტიფიკაცია,
  2. დღემდე სხვადასხვა ჯგუფების მიერ შექმნილი რესურსების სტანდარტიზაცია,
  3. გარკვეულ თანხმობა, უფრო ზუსტად, კოორდინაცია კორპუსის რესურსებზე მომუშავე ჯგუფებს შორის: რომელი ჯგუფი მუშაობს კონკრეტულ პრობლემაზე, რა გეგმით და რომელ ეტაპზე რისი დასრულება იქნება შესაძლებელი, მოსალოდნელი.